ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - შმაგი ბოლქვაძე ფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
მეორე ევროპულ თამაშებში დღეს ჩაბმული ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან, ფინალში გასვლის შანსი ბოლოს მხოლოდ შმაგი ბოლქვაძეს შემორჩა, რომელმაც იგი კარგად გამოიყენა და საქართველოს დელეგაციას 26-ე მედალი გაუნაღდა.
67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ, სომხეთის ნაკრების წევრს – კარენ ასლანიანს პირველი პერიოდი 1:0 მოუგო. ორთაბრძოლის მეორე ნახევარში შმაგიმ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე სხვაობამ ხუთი ქულა შეადგინა. დარჩენილ დროში ბექა როყვას გუნდის ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილ წევრს ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია და ფინალში გავიდა. ოქრის მედლისთვის ბრძოლას 24 წლის ბოლქვაძე, რუსეთის ნაკრების წევრთან – ზაურ კაბალოევთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, თავისი ნახევარფინალური შეხვედრა დავით ჩხარტიშვილმაც ჩაატარა, რომელმაც უნგრელ ერიკ ტორბთან ბოლო წამებზე წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რაც შეეხება გელა ბოლქვაძეს (77 კგ.), ის მედლებისთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა. ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი მინსკის „სპორტის სასახლეში“ ხვალ, 29 ივნისს 19:30-იდან დაიწყება.
29 ივნისსვე, დილიდან ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ქართული ექვსეულის დანარჩენი წარმომადგენლები: რობერტ კობლიაშვლი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) გავლენ.