ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ბოლო, 30-ე მედალი ქვეყნის დელეგაციას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა 25 წლის ქართველმა გოლიათმა, პირველ ნახევარში მასპინძელთა ფალავან კირილ ჰრიშჩანკასთან ქულით დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ პარტერში უპირატესობით ვერ ისარგებლა და ოთხი ქულა თავად გაუშვა. მეორე პერიოდში ბელორუსმა საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ქულა შემატა და შედეგად ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა როყვას გუნდის წევრებმა მინსკში სამი მედლის აღება მოახერხეს. ქაჯაიამდე, გუშინ, 29 ივნისს, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ, 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს პირველი პერიოდი ანგარიშით 1:0 მოუგო. სამწუხაროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა რუსმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგი კი ორი ქულით დაწინაურებაც მოახერხა და 24 წლის ქართველი საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა მოუტანა. დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ.) „მცირე ფინალში“ ანგარიშით 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში გათანაბრება შეძლო და ბოლოს აღებული ქულის გამო გამარჯვება და ბრინჯაოს მედალიც მას დარჩა.