ბერდია სიჭინავა - „ქართულ ოცნებას“ ჩხოროწყუს საკრებულოში აქვს 12 მანდატი, მათმა კანდიდატმა აიღო 13 ხმა, საქმით მტკიცდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებული არ არის
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას თქმით, საკრებულოებთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების მიუხედავად, საქმით მტკიცდება, რომ რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი კანდიდატების მხარდაჭერა არ სურს.
ბერდია სიჭინავას თქმით, ამ ყველაფერს მოწმობს თუნდაც ჩხოროწყუს საკრებულოში დღევანდელი შემთხვევაც, როცა მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 12 მანდატი აქვს, „ოცნებიდან“ წარდგენილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა 13 ხმა, პარტია „საქართველოსთვის“კანდიდატმა კი 12 ხმა მიიღო.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პირდაპირ კოლაბორაციაში შევიდა „ქართულ ოცნებასთან“.
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უმრავლესობა უჭირავს ოპოზიციას, მათ შორის ჩვენ გვყავს შვიდი წარმომადგენელი საკრებულოში და ასევე შვიდი მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აქვს 12 მანდატი, და იმ ყველაფრის გათვალიწინებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატი არ ჰყოლია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა აიღო 13 ხმა, ჩვენმა წარმომადგენელმა აიღო 12 ხმა, ხოლო ერთი ბიულეტენი აღმოჩნდა ბათილი.
იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა და მანდატის მიღება არ შეეძლო, ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პირდაპირ კოლაბორაციაში შევიდა „ქართულ ოცნებასთან“ და შედეგი დადგა ის, რაც ვნახეთ. მინდა, გაგახსენოთ რუსთავის მაგალითი, როდესაც ჩვენ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატურა და აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებობს რაღაც შეთანხმება და ამის ნათელი დადასტურებაა რუსთავის მუნიციპალიტეტის და ჩხოროწყუს დღევანდელი შემთხვევა.
ის შეთავაზება, რომელიც გუშინ გაჟღერდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხარიდან, საქმესთან არ არის კავშირში. ერთია მისი შეთავაზება, რასაც კონკრეტული ოპოზიციური პარტია აკეთებს და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ რეალურად ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებული არ არიან“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ თანახმაა, გაიზიაროს პარტია „საქართველოსთვის“ წინადადება და მხარი დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 13 ხმა მიიღო „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ, 12 ხმა მიიღო მეორე კანდიდატმა, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა შოთა წურწუმიამ.
სხდომას საკრებულოს 27 წევრიდან 26 ესწრებოდა. ასარჩევად საჭირო 14 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.