ბექირ ოზლუს (ბეთქილ შუკვანი) ვერცხლი მაროკოს გრან პრიზე
ბექირ ოზლუს (ბეთქილ შუკვანი) ვერცხლი მაროკოს გრან პრიზე

მაროკოში მიმდინარე აგადირის გრან პრიზე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ტურნირზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, დღეს ტატამზე ორი ქართველი მაინც გავიდა, ოღონდ სხვა ქვეყნების სახელით.

-66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთი მათგანი საბოლოოდ ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. ბეთქილ შუკვანი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა და ლონდონის ოლიმპიადაზეც იასპარეზა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე. შუაში ბეთქილ შუკვანი

უკვე წლებია, თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით გამოდის. ოზლუმ მეზობელ ქვეყანას სხვადასხვა ტურნირზე რამდენიმე მედალი უკვე მოუტანა, რასაც დღეს კი კიდევ ერთი დაუმატა.

წონაში მსოფლიო რეიტინგის მეთხუთმეტე ნომერმა ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. მან მერვედფინალში, მასპინძელთა ფალავანი – სულთან ჩორფი, წუთსა და 17 წამში დაამარცხა.

წუთი და 25 წამი დასჭირდა მეოთხედფინალში, ყაზახეთის ნაკრების წევრის – მაგზამ შამშადინის დასამარცხებლად.

ბევრად ნაკლები 13(!) წამი იკმარა ნახევარფინალში, სადაც მისი მეტოქე გერმანელი – მორიც პფლავკი იყო. ანუ ფინალამდე გამართულ სამ შეხვედრაში მოსაგებად, ბექირს ჯამში არასრული სამი წუთი ეყო.

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, აქ ტრიუმფალური სვლა აღარ გაგრძელდა. ყაზახ – გუსმან ყირგიზბაიევთან გამართული ორთაბრძოლის ძირითადი ოთხი წუთი გდებების გარეშე დასრულდა, დამატებითი დროის მეექვსე წამზე კი მომგებიანი ქულის მოპოვება აზიელმა ძიუდოისტმა მოახერხა და შედეგად წელსვე, ტუნისის გრან პრიზე აღებულ ბრინჯაოს მაროკოში ოქროც დაუმატა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებს პორტუგალიელი გონსალო მანსინო და მაროკოელი ისაამ ბასოუ დაეუფლნენ.

მედლების მეორე კომპლექტი ვაჟთა შორის -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც უკრაინის სახელით გიორგი ზანთარაიაც ასპარეზობდა. მსოფლიოსა (2009) და ევროპის (2011) ჩემპიონმა ამჯერად მისთვის ჩვეული საპრიზო ადგილის დაკავება ვეღარ მოახერხა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ზანთარაია, რომელმაც პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში სლოვენიელ ადრიან გომბოკთან ვაზარით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

საბოლოოდ, ამ წონაში ოქროს მედალს, სწორედ ზანთარაიას მომგები – ადრიან გომბოკი (სლოვენია), ვერცხლს იერლან სერიკხანოვი (ყაზახეთი), ხოლო ბრინჯაოს დანიელ ჟეანი (საფრანგეთი) და ანდრეას იერები (სლოვენია) დაეუფლნენ.

დღესვე მედლები სამ წონით კატეგორიაში, ქალთა შორისაც გათამაშდა, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

-48:

1. ირინა დოლგოვა (რუსეთი)
2. კატარინა კოსტა (პორტუგალია)
3. მარუსა სტანგარი (სლოვენია)
3. ხულია ფიგუეროა (ესპანეთი )

-52:

1. ეველინ ჩოფი (შვეიცარია)
2. ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი )
3. გულბა ბაბამურატოვა (თურქმენეთი )
3. გეფენ პრიმო (ისრაელი )

-57:

1. ტიმა ნელსონი (ისრაელი)
2. კაია კაიზერი (სლოვენია)
3. მირიამ როპერი (პანამა )
3. სარა ჰარაჩი (საფრანგეთი )

ხვალ, აგადირის ტატამზე ქალთა და მამაკაცთა კიდევ ორ-ორი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ და ვაჟთა შორის -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პორტუგალიის სახელით – ანრი ეგუტიძე იასპარეზებს. მიმდინარე წლის მესამე გრან პრი კი კვირას დასრულდება დასრულდება.