ბექა ქურდაძე - მეტი საერთაშორისო გამოცდილებით „სტიაუას“ მოვუგებდით #1TVSPORT
ბექა ქურდაძე, რომელიც „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, 4-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისურ კლუბს „გაგრადან“ დაუბრუნდა. 25 წლის მეკარემ გუნდში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
„ბავშვობიდან „საბურთალოს“ აკადემიაში ვთამაშობდი, საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასულიყო. ჩვენ ეს შევძელით და ისტორია დავწერეთ. კარგად მახსენდება „ფოლცვაგენის” თასის ფინალში ესპანურ „მალაგასთან” მოგებაც, 2013 წელს კი ასევე ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს” დამარცხება. 2018 წელს კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობა ვიზეიმეთ, რაც ბევრს არ სჯეროდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის წარმატებაში ჩემი პატარა წვლილიცაა. თუმცა შემდეგ სხვაგან გავაგრძელე კარიერა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, რუმინულ „სტიაუასთან“ მატჩებამდე დავბრუნდი და ამით გახარებული ვარ. ამ კლუბში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად, „საბურთალომ“ ბევრი რამ მასწავლა და მომცა და დადებითი ემოციებით ვარ“, – ამბობს ქურდაძე.
„საბურთალოს“ მეკარემ ევროტურნირებზე გუნდის გამოსვლაზეც ისაუბრა და გამოვარდნის მთავარ მიზეზად საერთაშორისო თამაშების სიმცირე დაასახელა.
„ჩვენ იშვიათად ვთამაშობთ ისეთი მაღალი დონის მატჩებს, როგორებიც ვითამაშეთ რუმინელებთან. ევრომატჩებში სულ სხვა ტემპია, სხვა მსაჯობა, სხვა სისწრაფეები. მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო რუმინული ბარიერის დაძლევა. მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ… მსგავსი დონის მატჩები ხშირად უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ. ევროპულმა მატჩებმა დამანახა, რომ შეგვიძლია თამაში, უფრო მეტად უნდა დავიჯეროთ ჩვენი თავის. თამაში ყველასთან შეიძლება და დაუმარცხებელი გუნდი არავინაა. ჩვენ, თბილისში მაქსიმალურად რომ გამოგვეყენებინა მომენტები, ახლა სხვა შედეგი იქნებოდა. ვფიქრობ, ორბურთიანი უპირატესობით რომ წავსულიყავით რუმინეთში, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით“.
ქურდაძე იმედოვნებს, რომ „საბურთალო” წელსაც ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს.
„ჩვენ ყოველთვის გვეყოლება ისეთი გუნდი, რომ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს ან უეფა-ს საგზურს საქართველოს თასის აღებით მოიპოვებს. „საბურთალოში“ კარგი ფეხბურთელები არიან – გამოცდილებიც, ახალგაზრდებიც. ვფიქრობ, რომ ევროტურნირების საგზურის მოპოვება შეგვიძლია და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
ბექამ ახალგაზრდა საბურთალოელებზეც ისაუბრა.
„როდესაც პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადმოვედით, ეს ბიჭები „საბურთალოს” აკადემიაში ვარჯიშობდნენ. თუმცა, ახლა ერთად ვთამაშობთ. „საბურთალოს” ერთ-ერთი ძლიერი აკადემია ჰყავს და ყოველთვის ზრდის საინტერესო ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებებში თამაშობენ. ძველი მწვრთნელებიდან ზოგი სხვაგან მუშაობს, თუმცა, ძირითადად დიდი ნაწილი ისევ კლუბშია და თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. თავისთავად, შინაური გარემო დამხვდა, როგორც ყოველთვის, „საბურთალოში“ მეგობრული ატმოსფეროა“.