ბექა ოდიშარია - ვუსამძიმრებ „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიიღლიავეს ევროპული სასამართლო, განსხვავებით ზოგიერთი დიპკორპუსისგან, „ენჯეოებზე“ აღარ ვლაპარაკობ, მათი ხელის გოგო-ბიჭები არიან
ბექა ოდიშარია - ვუსამძიმრებ „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიიღლიავეს ევროპული სასამართლო, განსხვავებით ზოგიერთი დიპკორპუსისგან, „ენჯეოებზე“ აღარ ვლაპარაკობ, მათი ხელის გოგო-ბიჭები არიან

სტრასბურგის სასამართლოს მადლობას ვუცხადებ და ვუსამძიმრებ „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიიღლიავეს ევროპული სასამართლო, განსხვავებით ზოგიერთი დიპკორპუსისგან, „ენჯეოებზე“ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მათი ხელის გოგო-ბიჭები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მრავლისმთქმელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

„მახსენდება „შეხვედრის ადგილი შეუცვლელია“, რომლის მთავარი გმირი ამბობს, რომ ქურდი ქურდია და ციხეში უნდა იჯდეს. ამ შემთხვევაში, გვარამიას არავინ აიძულებს, რომ ციხეში შებრუნდეს, მაგრამ ხომ უნდა გაიგოს? ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერ უნდა თქვას, როცა საკუთარ ტელევიზიას, ოჯახის წევრს თუ საკუთარ ბანკს პარავ, ქურდი ქურდია და ის დამნაშავეა. მრავლისმთქმელია, სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი რომ არ მიიღო. პრაქტიკულად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი იყო რადიკალური ოპოზიციის გეგმა-ზრახვების განხორციელების ინსტრუმენტი და მან პოლიტპატიმრად გამოგვიცხადა ცესკო-ში შემვარდნები, პარლამენტის გადამტრიალებლები, მკვლელები, ბიუჯეტის მძარცველები. ეს სამართალია? ამას ვერ ვიტყვი ახალ ელჩზე, რომელიც, ემოციურადაც კი ჩანდა, გუშინ საქართველოს როგორ გულშემატკივრობდა და ჩვენთან ერთად იყო მატჩის დროს, კელი დეგნანისგან განსხვავებით, რომელიც, როცა კულტურულ ღონისძიებებს ვატარებდით, ფილმ „გარაჟის“ გუსკოვის ცოლივით დადიოდა მანქანების სადგომების განაწილებაზე და სამთავრობო ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებდა. მან მოახერხა და იმდენი რამ დააზიანა, რაც ამერიკის მთავრობამ ამდენი წლის მანძილზე რუდინებით აშენა და რისიც მადლიერი ვართ. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, მოსამართლე გამყალბებლად შერაცხეს და სანქციაც კი დაადეს. ამ ადამიანს რამხელა მორალური და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს, დასაჯეს და ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღებლად არ გაუშვეს. სტრასბურგის სასამართლოს მადლობას ვუცხადებ და მინდა, მივუსამძიმრო „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიიღლიავეს ევროპული სასამართლო, განსხვავებით ზოგიერთი დიპკორპუსისგან, „ენჯეოებზე“ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მათი ხელის გოგო-ბიჭები არიან და რასაც ესენი გადაუყრიან საკენკად, იმას ტირაჟირებენ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.