ბექა ოდიშარია - უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბარია უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე, ირაკლი კობახიძე, როგორც პასუხისმგებლიანი ევროპელი პოლიტიკოსი, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს
ბექა ოდიშარია - უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბარია უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე, ირაკლი კობახიძე, როგორც პასუხისმგებლიანი ევროპელი პოლიტიკოსი, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს

უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბარია უკრაინის აღდგენაზე, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე. ირაკლი კობახიძე, როგორც პასუხისმგებლიანი ევროპელი პოლიტიკოსი, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ეს პლატფორმა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა, ომის დაწყების შემდეგ რა დახმარება გაუწია საქართველომ უკრაინას და როგორ იჩენდა მის მიმართ თანაგრძნობას.

„უკრაინის ხელისუფლებას შევახსენოთ, თუ ავიწყდება, რომ რუსთაველის გამზირზე უფრო მეტი დროშა იყო გადმოფენილი, ვიდრე უკრაინასა და მთელ ევროპაში ერთად. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პროცენტულად ერთ-ერთი მოწინავე ვართ, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. ასევე დროში და კალენდარში ყველაზე წინ ვიყავით, როდესაც უკრაინას დავეხმარეთ. ჩვენ ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული მივიღეთ, ასეული დღეები ვპატრონობდით დაღუპულ მეომართა შვილებს. მე, ვიცე-სპიკერს და სხვებს ეს ხალხი გვყავდა სტუმრად ასეული დღეები. ამის მიუხედავად, როდესაც შალვა პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებდა, ემპათიის სრული გარემო იყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია. ამას ტაშს ვერ დავუკრავდით. ქვეყნის პირველი პირის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პლატფორმაში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია ემპათიის, რომელიც უკრაინელი ხალხის მიმართ გვაქვს. პოდოლიაკის მიმართ რაიმე სიმპათია უნდა მქონდეს? პრეზიდენტი ზელენსკი რაც არ უნდა კრიტიკას იმსახურებდეს, იმ პლატფორმაზე განასახიერებს უკრაინელ ხალხს და კრიტიკის დრო არ არის. აქ საუბარია უკრაინის აღდგენაზე, მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე. ირაკლი კობახიძე, როგორც პასუხისმგებლიანი ევროპელი პოლიტიკოსი, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. შემდეგ ეს ინსტრუმენტალიზდება და, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მატერიალურ დახმარებაში გადაიზრდება. რაც შეეხება მშვიდობიან ინიციატივებს, ინფრასტრუქტურის აღდგენას, დახმარებას, კონსულტაციას და ფიზიკურად ჩართვას ჩვენ არ ვიზარებთ, როდესაც მეზობლებს უჭირთ, დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან, გაგრძელებული ყველა პლატფორმით, რეზოლუციით, სადაც საქართველო იყო თანაავტორი. ასევე ბოლოს საქართველო იყო ინიციატორი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილი სარჩელის.

ტაშის დაკვრა არ ნიშნავს, რომ საქართველოს როცა ვინმე დააზიანებს, ამაზეც ტაშს მიიღებს. არამც და არამც, მაგრამ ახლა პლატფორმა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ხელისუფლება სწორად აზროვნებდეს და საქართველოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებდეს, დახმარება მოითხოვოს იმის ფარგლებში, რაც საქართველოს ხელისუფლებას სუვერენული სახელმწიფოსთვის აქვს განსაზღვრული და არა პროვოკაციული თხოვნებით მიმართოს, ორი ტანკი გადმომეციო. ახლაც იყო საუბარი, რომ ჩვენ გადავუხვიეთ კურსს. ხვალვე დაგვიძახონ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად და ვნახოთ, გადავუხვიეთ თუ არ გადავუხვიეთ. რა, მაიდანი უნდა მივიღოთ? მაიდანსა და საქართველოს პროტესტს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ? იქ პროტესტს და მაიდანს შინაარსი ჰქონდა, მეორე საკითხია, რა მოუტანა მაიდანმა, 200 მილიარდი ეკონომიკა განულებული აქვთ და ახლა უწევთ ასეთი პლატფორმების შექმნა. ქვეყანა განულებულია. მაიდანს მიზეზი ჰქონდა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და გამჭვირვალობას არ ვთმობთ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ რა ფულს ხარჯავს აქ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.