ბექა ოდიშარია - მადლობას ვუხდი დელეგაციის წევრებს, მათ შორის ოპოზიციას სახელმწიფოებრივი ქცევისთვის, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით
ბექა ოდიშარია - მადლობას ვუხდი დელეგაციის წევრებს, მათ შორის ოპოზიციას სახელმწიფოებრივი ქცევისთვის, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით

ბევრი სახელმწიფო დელეგაციის რიგებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, ასეთი თბილი ვიზიტის მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგა შედეგი, რასაც ველოდით. ვფიქრობ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვგულისხმობ ჩვენს კოლეგებს და რადას თავმჯდომარეს, არანაირი კითხვა აღარ აქვთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც ავრცელებს ჩვენი მეხუთე კოლონა, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად ახერხებს, რომ აგრესორთან ერთად, საინფორმაციო ალყაში აქცევს უკრაინის მებრძოლ ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, მათ შორის ოპოზიციას სახელმწიფოებრივი ქცევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ირპენშიც კი, დასკვნით ბრიფინგზე, სადაც რადას თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარე წარდგნენ, იქაც კი განაცხადა რადას თავმჯდომარემ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენს მრავალპარტიული დელეგაცია. ამ პლატფორმას მინუს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა. თუ არ ვცდები, პირველად მოხდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას ოპოზიცია იყო უმრავლესობაში. ჩვენგან არანაირი კალკულაცია არ იყო, ვინ, რამდენი იქნებოდა და ვის რამდენი ხმა ექნებოდა. ყველას ექნებოდა ერთნაირად აზრის გამოხატვის საშუალება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრს, მათ შორის ოპოზიციას იმ მართლაც სახელმწიფოებრივი ქცევისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ადგილზე, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“. ძალიან კარგი, დამკვიდრდეს ასე – საქართველო მრავალპარტიული, დემოკრატიული, ერთიანი მინუს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.