ბექა ოდიშარია - კოალიციურ მთავრობაზე განცხადებები ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, სამწუხაროა, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა სათავეში, ეს არის კეკლუცობა ევროპელი პარტნიორების წინაშე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განცხადებები ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია.
„სამწუხაროა, რომ ამას ქალბატონი სალომე ჩაუდგა სათავეში. ეს არის, ერთი მხრივ, კეკლუცობა ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე. მათ კი უწყიან, ვინ არის მათი ნამდვილი პარტნიორი და პროევროპული ძალა, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ხალხთან ერთად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიას თქმით, კოალიციას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ამჟამად, ხალხის ნებითა და გამოხატული აზრით, დაბეჯითებით მინდა, გითხრათ, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, ვისთან უნდა გავაკეთოთ კოალიცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ ფსევდოშუაშისტებთან, რომლებიც არიან ახალი „ნაციონალური მოძრაობა?“ უბრალოდ, ინსტრუქტორების მიერ მათთვის მიცემული რჩევაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალიზებული თავის თავმჯდომარესთან ერთად. ახლა ცდილობენ, ხალხს თავი მოაჩვენონ, თითქოს შუა ძალას წარმოადგენენ, ცდილობენ, ამით ხალხი მოატყუონ და, საბოლოო ჯამში, ამ ხალხის ხმების მეშვეობით აქვთ განზრახვა, კოალიცია შეკრან მომავალ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კისერს მოიტეხენ, რადგან ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზერული რეიტინგი და ამათ საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. რაც მეტს იყბედებენ და ამდენ სისულელეს იტყვიან, მათი რეიტინგი შეიძლება, ერთ პროცენტზეც ჩამოვიდეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა: „კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.