ბექა ოდიშარია - ევროპელი პარტნიორების პოზიცია ჩვენთვის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი, თუმცა ერთხელ ვთქვით და სიტყვას არ გადავალთ, არავითარი „ვეტინგი“ არ იქნება
ევროპელი პარტნიორების პოზიცია ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, თუმცა ჩვენ ერთხელ ვთქვით და ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, არავითარი „ვეტინგი“ არ იქნება, ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს სუვერენიტეტს და უხეშად აპირებს, ჩაერიოს დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიას კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.
როგორც ოდიშარიამ განაცხადა, ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერება თუ შესამოწმებელია, ამისთვის არსებობს საქართველოს საზოგადოება, პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები და არავის საქმე არ არის სუვერენულ სახელმწიფოში, მის შტოში, პროცესებში ხელის ფათური.
„ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვთქვით და ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს ამბავი. ცალ ფეხზე დამდგარი გარკვეული პერსპექტივების მომლოდინე პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ენჯეოსექტორის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი პრინციპები, აქვს სმენა და ის ისმენს ქართველი ხალხის ნება-სურვილს. შესაბამისად, ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მისი სურვილისამებრ. არ მჯერა, რომ ევროკავშირს აქვს განზრახვა, ხელი აფათუროს საქართველოს საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, ჩრდილი მიაყენოს მის სუვერენიტეტს, თუმცა ასეთი წამოცდენები თუ იქნება ან იქნება ისეთი შემოთავაზებები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ სწორედ ასეთად, გვექნება პრინციპული პოზიცია.
ჩვენ გვახსოვს პარლამენტში ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ ცალ ფეხზე დამდგარი კვირაობით ვყოფილიყავით რაღაც სარკმლის გამოღების მიზნით, რომელიც შეგვახტუნებდა ან არ შეგვახტუნებდა ევროკავშირში. ჩვენ ძალიან პრინციპული, მეთოდური მუშაობით, პარტნიორებთან სწორი ახსნა-განმარტებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თორემ ის ცალ ფეხზე მდგარი პოლიტიკოსები და მათი ენჯეოები დღესაც იქნებოდნენ ორპირ ქარში დამდგარი ღია კარში თუ ღია სარკმელთან. მერწმუნეთ, რომ პრინციპული პოზიცია არის ქართველი ხალხის ინტერესი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.