ბექა ოდიშარია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტში ჩემ მიმართ დარღვეულია პირველი და მე-11 პრინციპები, ეს არის უმძიმესი მიმართულება
ბექა ოდიშარია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტში ჩემ მიმართ დარღვეულია პირველი და მე-11 პრინციპები, ეს არის უმძიმესი მიმართულება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტში ჩემ მიმართ დარღვეულია პირველი და მე-11 პრინციპები, ეს არის უმძიმესი მიმართულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების გარკვეული მუხლების დარღვევა და დანაშაულის ჩადენა.

„რვა წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ვარ, არ შეწყვეტილა ჩემ მიმართ ფეიკნიუსების შექმნა და გავრცელება. ბოლოს შვილებსაც გადასწვდნენ. მუდმივად თავს ვიკავებდი პასუხის გაცემისგან, რადგან არსებობს ასეთი ტაქტიკა, რომ თემის ზედმეტად აწევისას, მაშინ, როდესაც ერთ ადამიანს ხელთ უპყრია სამონტაჟო, მიკროფონი და ეთერი, შენი შეპასუხება მას აძლევს ახალი ტალღის წარმოქმნის საშუალებას. ფეიკნიუსმეიკერები მუდმივად ახერხებდნენ იმის თქმას, რომ მე პოლიტიკაში უფრო გავმდიდრდი, უფრო მეტი ქონება მაქვს, ვმონაწილეობ რაღაც ტენდერებში, სარგებელს ვიღებ ტენდერებიდან, მაქვს აურაცხელი ქონება და ასე შემდეგ.

ირაკლი ბახტაძე არის „მთავარი არხის“ სახე, ის არის ამ სარედაქციო პოლიტიკის მსხვერპლიც და განმახორციელებელიც. მე საქმე არ მაქვს ირაკლი ბახტაძესთან, ერთი უნიჭო, შეუმდგარი, ხელმოცარული ადამიანია. მე საქმე მაქვს „მთავარ არხთან“, რომელიც ბეჭებზე დაიდო. დაიდო მათ მოედანზე. ბუნებრივია, მათ მოედნად განვიხილავ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამ მრუდე ადამიანმა მოახერხა და ყველა იმ ბრალდებას, რომელიც რვა წლის განმავლობაში პასკვილიანტურ ჟანრში ჩემ მიმართ გავრცელებულა, ერთ სიუჟეტში მოუყარა თავი და სიუჟეტს უწოდა ხმაურიანი სახელი – „ბექა ოდიშარიას ქონება“. მე შემეძლო, ამდენი ცილისწამების და ასეთი მასობრივი პასკვილების ფონზე შემეტანა სასამართლოში სარჩელი და ეს იქნებოდა ჩემთვის იოლი ლუკმა, მაგრამ მე განზრახ არ გავაკეთე ეს, რადგან მქონდა სურვილი, რომ ბეჭებზე დამედო „მთავარი არხი“ და მისი ეს უსინდისო ჟურნალისტი.

გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ“. მოპასუხე ირაკლი ბახტაძე. დარღვეულია პრინციპები: პირველი და მეთერთმეტე. ეს არის ის, რაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების გარკვეული მუხლების დარღვევა და დანაშაულის ჩადენა. განცხადებით მივმართე მე და მივიჩნევდი, რომ 2024 წლის 6 აპრილს „მთავარმა არხმა“ ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას ქონება“, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პირველი და მეთერთმეტე პრინციპები. ეს არის უმძიმესი მიმართულება, რომლის აღიარებაც, როგორც წესი, ჟურნალისტის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას არ სურს. ამ ადამიანს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, შემოვიდეს სადმე სივრცეში, მით უმეტეს, პოლიტიკაში, მას გზა ხსნილი აქვს ახლა ყვითელი ჟურნალისტიკისკენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას ქონება“, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა, ირაკლი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.