ბექა ოდიშარია - დაბალი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ადამიანები ცდილობენ, ნებისმიერ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი, თუმცა, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და მალევე იძირებიან
ბექა ოდიშარია - დაბალი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ადამიანები ცდილობენ, ნებისმიერ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი, თუმცა, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და მალევე იძირებიან

ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დაბალი აქვთ პოლიტიკური რეიტინგი, ცდილობენ, ნებისმიერ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი და ამას ახერხებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და ძალიან მალევე იძირებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მედიასივრცეში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას.

„შეიქმნა ფეისბუქგვერდები და მთელი ბინძური მედიაკამპანია იმ ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სტიქიის შედეგად მომხდარი მოვლენებისა და შედეგების აღკვეთისთვის. მაგალითად, კახი კალაძის ოჯახის მიმართ, კობახიძის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ თითქოს კოტეჯების არასწორად განთავსების ნებართვის დართვის გამო; არასაკმარისი სამაშველო ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა; ასევე, თითქოს განზრახ უარი ვთქვით მეზობლების დახმარებაზე, რომელიც ნამდვილად არ იყო საჭირო და საზოგადოებაც ხედავდა, რომ ფუტკრებივით მუშაობდნენ მაშველები. ხეობაში სპეცტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზების გამო, მგონი, ადგილიც აღარ იყო დარჩენილი. დახმარება ჩვენ არ გვეთაკილებოდა და მომავალშიც არ გვეთაკილება, რადგან, სწორად აღინიშნა მედიასივრცეში, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიწევია ანალოგიური დახმარება. შესაბამისად, ეს რომ საჭირო ყოფილიყო, თავისუფალი სინდისით ვითხოვდით ამ დახმარებას. მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დაბალი აქვთ პოლიტიკური რეიტინგი, ცდილობენ, ნებისმიერ ასეთ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი და ამას ახერხებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და ძალიან მალევე იძირებიან. შემდეგ არიან მოლოდინში, ისევ იქნებ რაღაც დატრიალდეს ქვეყანაში. თუ იქ შეიქმნა სალიკვიდაციო შტაბი, აქ ისინი ქმნიან სახალხო ანტიშტაბებს. მათი კამპანია, საბოლოო ჯამში, ვერავის ვერაფერს დააკლებს, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ოჯახებს ზაფრავენ. ამ შემთხვევაშიც მოახერხეს, თითო-ოროლა ადამიანს შთააგონეს, რომ ვიღაცამ დააკლო ხელი იმას, რომ მართლა გადარჩენილიყვნენ. სინამდვილეში, ქართველი ხალხი ბრძენია, მათ შორის რაჭველები. მე მოვისმინე ოჯახის წევრების განცხადებები, თუ რა მოხდა იქ, სტიქიაში. ისინი ალყაში იყვნენ ფაქტობრივად და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევა იყო გაწეული“, – განაცხადა ოდიშარიამ.

რაც შეეხება დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, ბექა ოდიშარიას თქმით, კობახიძის სიტყვებში ეჭვი არ ეპარება.

„ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მეც არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. რაც შეეხება წინა დღეს მომხდარს, ვფიქრობ, ირაკლი კობახიძემ ეს კონტექსტიც აბსოლუტურად ნათლად აუხსნა საზოგადოებას. იცით, რა გარემოში გვიწევს მუშაობა. მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, ოპოზიციური მედიასაშუალებები, ამ ფონზეც კი, როცა ადამიანები ნამდვილად განვიცდით ამ ხალხის უბედურებას, მოდიან სტიქიის ადგილზე და გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებამ დააკლო ამას ხელი, თქვენი ბრალიაო. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა უმოქმედობამ გამოიწვია ადამიანების დაღუპვა. ამ ფონზე, როდესაც გაჩეჩებენ რაღაც სურათს, შეიძლება, ადამიანმა დაუშვას შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელია. კარგი იქნებოდა, ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი მისგან გადაიღებდეს და მოინანიებდეს იმ ცოდვებს, რაც მთელი ერის წინაშე აქვთ“,- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ ასევე ისაუბრა სტიქიის ზონაში ვერტმფრენების მუშაობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ღამით გაუშვეს დრონები, რომელსაც გაცილებით მეტი ხედვის უნარი აქვს.

„რა არის გასაკვირი, რომ ღამის საათებში ქართველი პილოტების ნაცვლად, გაუშვეს დრონები, რომლებსაც ხედვის უნარი გაცილებით მეტი აქვს, მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხოა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გარდა ამისა, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა: „ერთ კვირაშიც კი, რამდენი სტიქიური უბედურება მოხდა მსოფლიოში. ჰავაის კუნძულები გადაიწვა, 100 ადამიანი დაიღუპა და 100 დაკარგულად ითვლება. თუ გინახავთ, რომელიმე პოლიტიკოსი გამოსულიყო და შტატის გუბერნატორის გადადგომა მოეთხოვოს“.