ბექა ოდიშარია - აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ხარისხზე უნდა ვიმსჯელოთ აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით
ბექა ოდიშარია - აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ხარისხზე უნდა ვიმსჯელოთ აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ხარისხზე უნდა ვიმსჯელოთ აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრ მარკუეინ მალინის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტების მიერ აღნიშნული დავის საქართველოში ამერიკული კომპანიების მიერ დამოკიდებულების ან გარემოს გაუარესების ჭრილში წარმოჩენა, უბრალოდ რომ ვთქვათ, სიცრუე და მკრეხელობაა. მე, როგორც წარსულში, 12 წლის გამოცდილების ადამიანი, რომელიც ვხელმძღვანელობდი ნავთობისა და გაზის მომპოვებელ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიას, მინდა გითხრათ, რომ ასეთი დავები ლიცენზიის გამცემსა და ინვესტორ კომპანიებს შორის ძალიან ნორმალური მოვლენაა ამ სამყაროში. მე თვითონაც არაერთხელ ვყოფილვარ ასეთი ტიპის მხარე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა მახარებს ის, რომ სწორედ დამოუკიდებელი სტოკჰოლმის არბიტრაჟი გამოიტანს ამაზე საბოლოო დასკვნას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, „ფრონტერას“ ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში ოპერირებს ყველზე შეღავათიანი საგადასახდო რეჟიმით, ისევე, როგორც უპრეცედენტო ხელშეკრულებით სახელმწიფოსთან.

„ეს გარემოება მათ შორის მნიშვნელოვნად სწორედ გამოწვეულია იმით, რომ ის არის ამერიკული წარმოშობის კომპანია და იყო ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია 90-იან წლებში. ჩვენი ქვეყნისთვის ემოციურად და ჩვენი ხელისუფლებისა და ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, ყოველთვის უფრო პრესტიჟული და ღირებული, ბუნებრივია იქნება, არის და იყო ამერიკული და ევროპული ინვესტიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სხვა მეგობარ ქვეყნებს გიგანტური ინვესტიციები აქვთ განხორციელებული საქართველოში. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების უადგილო ჟრიამულს, ერთი, თუმცა ძალიან საპატივცემულო კონგრესმენის განცხადების ირგვლივ, ეს ვფიქრობ, არარელევანტურია და არის რაღაც ფაქტების აღრევის კიდევ ერთი უსახური მცდელობა, რადგან თუ ჩვენ ვმსჯელობთ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ხარისხზე, უნდა ვიმსჯელოთ იმ განცხადებებით, რომლებიც კეთდება ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ბუნებრივია; ვიმსჯელოთ იმ ურთიერთობებზე და მრავალი მიმართულებით ურთიერთობების იმ უპრეცედენტო ხარისხზე, ​რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ყურადსაღებია ნებისმიერი კონგრესმენის მოსაზრება, თუმცა მთავარი აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების იმ უადგილო და არარელევანტურ ჟრიამულს თუნდაც ერთი, ძალიან საპატივცემულო კონგრესმენის განცხადების მიმართ, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს რაღაც საბაბი, მე ამ საბაბზე, რა თქმა უნდა, ახლა არ ვისაუბრებ, არის აბსოლუტურად უადგილო. ვფიქრობ, თუ გვინდა, ვისაუბროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ან რა განცხადებები კეთდება, რა განცხადებები უნდა მივიღოთ მხედველობაში, ჩვენ, ბუნებრივია, ნებისმიერი კონგრესმენის იქნება ეს წერილობითი თუ სხვადასხვაგვარი კომუნიკაცია, მხედველობაში მივიღებთ და ამას ღრმა ანალიზის საფუძვლად გავხდით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის პირადად, მთავარი არის, რას აცხადებს აშშ-ის საელჩო, რას აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი და რა ტიპის ურთიერთობები გვაქვს ჩვენ დღეს ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.