ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე განმარტება გააკეთა და გოგა ხაინდრავას ბოდიში მოუხადა
დღევანდელ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ლევან ბერძენიშვილი და გოგა ხაინდრავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგანან. ლევან ბერძენიშვილი მგონი, ნამდვილად არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, ხოლო გოგა ხაინდრავასთან საჯაროდ ვიხდი ბოდიშს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.
ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე განმარტება გააკეთა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას ბოდიში მოუხადა.
„ვსაუბრობდი ცნობილ ფილმზე, „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიღო. იქ იყო საუბარი ლევან ბერძენიშვილსა და გოგა ხაინდრავაზე, როგორც რუსეთის აგენტებზე და ეს იყო ზოგადად საზარელი ფაქტი – ასე ადამიანების მიმართ ხელის გაშვერა და სიცრუის ტირაჟირება. ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგანან. ლევან ბერძენიშვილი მგონი, ნამდვილად არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, ხოლო გოგა ხაინდრავასთან საჯაროდ ვიხდი ბოდიშს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს განაცხადა: ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ და ეს უაზრო დიქოტომია რომ არსებობს, პრორუსული, პროდასავლური, უშინაარსო, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენ ხელი შევუწყეთ და რომლის საფუძველზე ნებისმიერ დეპუტატს შეიძლება, მიაკერონ რომელიღაც მარკა, პრორუსულის, პროდასავლურის, ყოველგვარი გააზრებისა და შინაარსის გარეშე, ეს არის კიდევ ამ ქვეყნის დიდი ტრაგედია. გვახსოვს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმი, სადაც შესაბამისად, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა იყვნენ რუსეთის აგენტებად წარმოჩენილი და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგანან. ეს დიქოტომია არის აბსურდი, რომელიც ანგრევს ქვეყანას და საზოგადოებას“.