ბექა ნაცვლიშვილი - შრომითი უფლებების საკითხის გვერდიდან ყურებას, როცა ამდენი ადამიანი იღუპება, ნამდვილად არ ვაპირებ
ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც პარლამენტში ყოფნამდე და მის შემდეგაც ადამიანის შრომითი უფლებების საკითხს აყენებდა და იმ პროცესის გვერდიდან ყურებას, როცა ამდენი ადამიანი იღუპება, ნამდვილად არ ვაპირებ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ–ერთი მოტივი ის იყო, რომ საერთოდ უგულებელყოფილი იყო ადამიანთა სოციალური, ეკონომიკური და შრომითი უფლებები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ზვიად ავალიანის შეკითხვაზე, როდის განაახლებს პარლამენტი ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნაზე მუშაობას და როდის გვექნება ეფექტიანი მექანიზმი, რათა ტრაგედიები ნაკლებად მოხდეს, ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექციის საკითხის განხილვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიწყო, მაგრამ იქ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, რაც კრიტერიუმების განსაზღვრას ეხებოდა.
„მაგალითად, როგორ უნდა დადგინდეს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა განვსაზღვროთ ჯარიმები. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა საგადასახადო რეფორმა მიმდინარეობს, კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის. პირდაპირ ვამბობ, სანამ ჩვენ ამ კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ, რაც ალბათ, გაზაფხულის სესიაზე მოხდება, როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია და ის უწყებები, რომლებიც შრომის უსაფრთხოებას ზედამხედველობენ, არსებული კანონის ფარგლებში ცოტა უნდა გააქტიურდნენ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა.
მისი თქმით, ისინი გულხელდაკრეფილი არ არიან, მაგრამ ინსპექტორების რაოდენობა ძალიან მცირეა და საკმარისი არ არის.
„ინსპექტორების რაოდენობით, აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით, რაც მათ გააჩნიათ, ზედამხედველობის სრულფასოვნად განხორციელება ძალიან რთულია. იმედი მაქვს, ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო ორგანოები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.