ბექა ნაცვლიშვილი - საბანკო აქტივებში ბიზნესზე გაცემული სესხები ძალიან მცირეა, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესის დაკრედიტებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს არ უწყობს
რა თქმა უნდა, ბანკების მიმართ კრიტიკულად განეწყობი, რადგან ბანკების მოგება წლიური 24%–ია და ძირითადად, ეს სამომხმარებლო სესხების საფუძველზე გენერირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არ არის ბიზნესზე გაცემული სესხები. საბანკო აქტივებში ბიზნესზე გაცემული სესხების პორტფელი ძალიან მცირეა. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესის დაკრედიტებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელს არ უწყობს. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით, ბანკებს თავიანთი პრობლემები ჰქონდეთ, რადგან ისინი უცხოურ კაპიტალზე არიან დამოკიდებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, თავიდან, ყველა ბანკი სწორედ ბიზნესის დაკრედიტების თვალსაზრისით შეიქმნა და არა სამომხმარებლო კრედიტების გასაცემად, მაგრამ ჩვენ მანკიერი საბანკო სისტემა გვაქვს.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც ძალიან კარგია, რადგან რეინვესტირებისთვის მათ საკმაო თანხები გაუჩნდებათ და ბანკებზე დამოკიდებული აღარ იქნებიან, მაგრამ თუ სწრაფი განვითარება გვინდა, რესურსების განკარგვა სწორად და კოორდინირებულად უნდა მოხდეს.
ბექა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მართალია, ბანკები ბიზნესის და ქვეყნის განვითარებისთვის შეიქმნა, მაგრამ ყოველთვის იმაზე არ უნდა ვაპელირებდეთ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, რადგან ქვეყნის განვითარება და ეკონომიკაში აქტიურად მონაწილეობა სახელმწიფოს ვალდებულებაც არის.