ბექა ნაცვლიშვილი - ონლაინსესხების რაოდენობა მცირდება და იმედი მაქვს, მათი არსებობა აზრს დაკარგავს
ბექა ნაცვლიშვილი - ონლაინსესხების რაოდენობა მცირდება და იმედი მაქვს, მათი არსებობა აზრს დაკარგავს

„ონლაინსესხების რაოდენობა მცირდება და იმედი მაქვს, მათი არსებობა აზრს დაკარგავს იქიდან გამომდინარე, რომ მათ მოგების მარჟა შევუმცირეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე ეროვნული ბანკის შესახებ კანონით რეგულირდება და ისინი გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარებიან.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ონლაინსესხებით კომუნალური გადასახადების სწრაფად დაფარვა, ან ისეთი საჭიროებების დაფინანსება ხდება, რაც ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა. 

„ლიბერალური ეკონომიკის მეხოტბეები, რომლებიც დღემდე ჩემი ოპონენტები არიან, ამბობენ, რომ ზრდასრულ ადამიანს თავისუფალი არჩევანი აქვს და გადაწყვეტილებას, აიღოს თუ არა სესხი, თავად იღებს. თუ ადამიანი ონლაინსესხს ახალი ტელეფონის შესაძენად იღებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძირითადად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ონლაინსესხებით კომუნალური გადასახადების სწრაფად დაფარვა, ან ისეთი საჭიროებების დაფინანსება ხდება, რაც ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა. ეს ყველა ღარიბი ქვეყნის სენია. რა თქმა უნდა, პრობლემა მხოლოდ ონლაინსესხები არ არის, ეს უბრალოდ, ამ პრობლემის აისბერგის წვერია“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართაც გაიზარდა.

„თუ აქამდე აუცილებელი საწესდებო კაპიტალი 250 000 იყო, 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე 500 000 იქნება, ხოლო 2019 წლიდან – ერთი მილიონი, რაც მათ პრაქტიკულ საქმიანობას ბანკების კატეგორიამდე აიყვანს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.