ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს ის კომპენსაცია მაინც მისცეს, რომელიც სამსახურდაკარგულ ადამიანებს ეკუთვნით
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, მისი ვალდებულება შეასრულოს და კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს ის კომპენსაცია მაინც მისცეს, რომელიც სამსახურდაკარგულ ადამიანებს ეკუთვნით.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს რამდენიმე თვის წინ მიმართა კომპანია „ფრონტერას“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მისი წერილის მიზანი იყო, როგორც კომპანიის ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიმართ, ასევე ის დამოკიდებულება, რომელიც კომპანიამ თავისი დასაქმებულების მიმართ გამოიჩინა, როცა მათ 11 თვის ხელფასი არ მისცა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც უფლებამოსილ პირს, კომპანიის მართვაში შესულიყო და მოეხდინა ამ ადამიანების სამუშაო ადგილზე აღდგენა და ხელფასების გადახდა, მაგრამ მთავრობამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავა სახელმწიფოს გამარჯვებით უკვე დასრულდა, ამ ადამიანებს კომპენსაცია დღემდე მაინც არ მიუღიათ.
„მათ უკვე 16 თვის ხელფასი არ აუღიათ. ხშირ შემთვევაში, ამ ადამიანების ოჯახები ისევ ნათესავებთან ცხოვრობენ და ამ ოჯახებს კომუნალური გადასახადების, პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა უჭირთ. მთავრობას მოვუწოდებ, შეასრულოს თავისი ვალდებულება და არა კომპანია „ფრონტერასი“ და ამ ადამიანებს მისცეს, სულ მინიმუმ ის კომპენასაცია მაინც, რომელიც ეკუთვნის სამსახურდაკარგულ ადამიანებს. ამ ადამიანების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რამდენად უსამართლო და უსუსურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარებების ახალი სისტემა. ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდეგ, არამედ მანამდე და ეს მათი ბრალი არ არის”, – აცხადებს დეპუტატი.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს მათზეც, ვინც სამსახური პანდემიის შემდეგ დაკარგა და არა – მანამდე.
„ამ ადამიანებს ფინანსური დახმარების მინიმალური პაკეტი მაინც უნდა ჰქონდეთ. საქართველოში ბევრი ოჯახი საზრდოობს საერთაშორისო გადმორიცხვებით, რაც დღეს განახევრებულია და მთავრობამ ამ „კეთილშობილური“ ინიციატივით, რომელიც აუცილებელი იყო, ბევრი ადამიანი ელემენტარული საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკუთვნოდათ. მთავრობა ვერასოდეს დაითვლის, ვინ არის თვითდასაქმებული და ბევრი ადამიანი დარჩება შეპირებული ერთჯერადი დახმარების გარეშე. ეს დახმარება უნდა იყოს უნივერსალური და უნდა შეეხოს ყველა ადამიანს, ვინც დღეს უმუშევარია“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
დეპუტატის შეფასებით, მთავრობის მიერ ბანკების დასახმარებლად გამოყოფილი 600 მილიონი ბანკებისთვის არის ნაჩუქარი ფული, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ არავითარი ლიკვიდურობის პრობლემა, მათ მოქალაქეებისთვის ვალები არ ჩამოუწერიათ და სესხები მხოლოდ სამი თვით გადაუვადეს.
„მთავრობას აქვს ფული, რომ ღირსეული დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, ვინც ამას საჭიროებს, თუმცა მან აირჩია არასწორი გზა ბანკების დახმარების და არა ყველა მოქალაქის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის“, – დასძინა ნაცვლიშვილმა.