ბექა ნაცვლიშვილი მინიმალური ხელფასის კანონის დონეზე განსაზღვრასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბიუროს სხდომაზე წარადგენს
საქართველოში მინიმალური ხელფასის კანონის დონეზე განსაზღვრის მიზნით დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ მინიმალური ხელფასი ყოველი წლის პირველ ოქტომბერს უნდა დაადგინოს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით.
პროექტის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს, რომელიც დღეს 380 ლარს შეადგენს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400 ლარი, რაც მისი თქმით, საშუალო ხელფასის 45 პროცენტს წარმოადგენს.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 000 ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 000 ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით აკრძალული იქნება შესაძლებლობა ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულებით ურთიერთობის მონაწილე მხარეები უფრო დაბალ ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ, ვიდრე მინიმალური ხელფასი იქნება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონპროექტით სანქციებია განსაზღვრული. კერძოდ, პროექტის თანახმად, დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარიდან 4000 ლარამდე.