ბექა ნაცვლიშვილი - მინდელის შახტში ყველა სახის სამუშაო უნდა შეწყდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ყველა სახის სამუშაო უნდა შეწყდეს.
როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ზეპირი განცხადება ყურად არ იღეს, რის გამოც შესაძლოა, წერილობითი ბრძანებულება გახდეს საჭირო, რომლის საფუძველზეც ადგილზე მუშაობა შეჩერდება.
„ინფორმაცია მეც მაქვს, რომ ზეპირი განცხადების მიუხედავად, სამუშაო პროცესი გრძელდება და საფრთხე არსებობს, დასაქმებულ ადამიანებს შესვლა ისეთ ადგილებში მოუწიოთ, რომელიც გადამოწმებული ჯერ არ არის და შეიძლება, ეს საფრთხის შემცველი იყოს. ყველა სამუშაო ახლავე უნდა შეწყდეს. თუ ისეთი სამუშაო ადგილებია, სადაც თანამშრომლების დაშვება შეიძლება, მხოლოდ ამ ადგილებზე უნდა დაუშვან. ეს არ უნდა იყოს არც მოპოვებითი და არც სხვა სახის სამუშაო. იმედი მაქვს, ეს ამბავი პრემიერ-მინისტრამდე მივა და ბრძანებულებას გამოსცემს. კომპანია შეიძლება მომხდარის მასშტაბებსა და პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, რის გამოც სასწრაფოდ დროებითი მმართველია შესასვლელი. იმედია, ვინმე ამ საკითხს ყურად ახლა მაინც იღებს. ბარიერი გვაქვს გადასალახი, როგორ შეიძლება, სახელმწიფო კერძო კომპანიაში შევიდეს. ეს იდეოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.