ბექა ნაცვლიშვილი - კერძო სექტორში არ არის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება, რაც არაკონსტიტუციურია
კერძო სექტორში არ არის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება, რაც არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„სახელმწიფო სექტორში არის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება, კერძო სექტორში კი, არ არის, რაც არაკონსტიტუციურია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საკითხის გასაჩივრება, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამის გასაჩივრება სხვა გზით მოხდება.
ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ამ ცვლილების შემთხვევაში ქალებს პრობლემა შეექმნათ, რადგან შესაძლოა, ისინი სამსახურში აღარ აიყვანონ, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულება უკვე არსებობს და პრობლემა უკვე დგას, რადგან ამის გამო, ქალები სამსახურში ისედაც არ აჰყავთ და ინიციატივა პრობლემას ვერ გააღრმავებს.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად, მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა მაქსიმუმ, სამ თვეში დასრულდეს.
„ადამიანს სასამართლოში საშუალოდ, სამი წლის განმავლობაში უწევს დავა. როდესაც იცი, რომ დავა სამი წელი გექნება, მოტივაციაც აღარ გაქვს, სარჩელი შეიტანო. შარშან, თუ შარშანწინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კომერციულ დავებზე ორი, თუ სამი მოსამართლე გამოიყო. ასევე უნდა ყოფილიყო შრომით დავებთან დაკავშირებითაც. ეს დასაქმებულსაც შეუწყობს ხელს და დამსაქმებელსაც“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შარშან მიმართა, რომ შრომით დავებთან დაკავშირებით მინიმუმ, ორი მოსამართლე მაინც გამოყოფილიყო, ახლა კი, კიდევ ერთხელ მიმართავს და უკვე მოითხოვს, რომ რამდენიმე მოსამართლე გამოიყოს, იმდენი, რამდენიც შრომითი დავების მოცულობას გონივრულად ეყოფა.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივების ირგვლივ მოქალაქეთა ხელმოწერები შეგროვდება, რათა მთავრობამ დაინახოს, რომ ეს ხალხის მოთხოვნაა და ამ ინიციატივების უკან ხალხი დგას.
„ხალხის სურვილია ეს. ეს არ არის ერთი პოლიტიკოსის, ან რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი ნააზრევი. ეს ხალხის სურვილია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.