ბექა ნაცვლიშვილი - იქ, სადაც პოლიტიკური პარტია მედიასაშუალების უკან დგას, თანაბარ საარჩევნო პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია
იქ, სადაც რომელიღაც პოლიტიკური პარტია რომელიღაც მედიასაშუალების უკან რეალურად დგას, რა თქმა უნდა, თანაბარ საარჩევნო პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„იქ, სადაც კორპორატიული მედია არსებობს, ანუ ბიზნესმედია, რომელსაც ბიზნესი ფლობს და ხშირ შემთხვევაში ეს ბიზნესი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული, ან ზოგადად, რეალურად დგას რომელიღაც პოლიტიკური პარტია რომელიღაც მედიასაშუალების უკან, რა თქმა უნდა, თანაბარ საარჩევნო პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ არ ვართ იმ ხანაში, სადაც ადამიანები პროკლამაციებს ცხენებით არიგებდნენ. დიდი უპირატესობა აქვს მას, ვისაც მედია საშუალებებზე აქვს წვდომა, განკარგავს და ფლობს ამ მედიასაშუალებებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესში დიდი რაოდენობით შავი ფული იხარჯება და იქ, სადაც გადამწყვეტი ხდება ფული და არა იდეები, ის ქვეყანა აგებს ხოლმე.
„ამ შემთხვევაში აგებს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ თვითონ ქვეყანა. ეს არის სამწუხარო რეალობა. ამიტომ, ამას სჭირდება ისეთი ჩამკეტები, როგორიც არის პარტიების დაფინანსების სხვანაირი მოდელები და პოლიტიკური პარტიებისთვის მედიაში თანაბარი წვდომა.ეს ინიციატივებიც შეიძლება, განხილულ იქნას მომავალ პარლამენტში. დაფინანსების და მედიაზე წვდომის დღევანდელი მოდელები სამართლიანი არ არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოქალაქეებს ინფორმაციაზე სრულფასოვანი წვდომა არ აქვთ და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი კონკრეტულად საარჩევნო ყუთთან იღებს, სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, თუ მას ინფორმაციაზე ექნებოდა წვდომა.
„ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები, რომელიც თანაბარ შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პროცესებში თანაბრად მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ უნდა შეცვალოს კანონი, რომელიც არასამართლიანია, თუ რესურსები – ფული, მედია საშუალებები და ასე შემდეგ, პარლამენტში ელექტორალურ წარმატებაში აისახება, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს ჩაკეტილი წრეა და ცვლილებებს შექმნილი წესრიგის მთლიანად ცვლილება სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება სოციალური, შექმნილი წესრიგის მთლიანად ცვლილება. ამას ბრძოლა უნდა, სხვანაირი პოლიტიკის გატარება, სხვა რეგულაციები და უნდა სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა, რომ აღმოიფხვრას დიდი უთანასწორობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ უთანასწორო ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.