ბექა ნაცვლიშვილი - ინტელექტუალურ პროდუქტს, რომელიც გემოვნებას და ესთეტიკას ეხება, ტენდერზე ვერ დავაყენებთ
საზოგადოებრივი მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ აყენებენ, ამას ვერ ვხვდები, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ტენდერზე ინტელექტუალური პროდუქტის გატანა დაუშვებელია.
“რაც შეეხება შესყიდვებს, ეს არის გარდაუვალი წესი, გამომდინარე იქიდან, რომ გემოვნების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მე თავი მახსოვს სოციოლოგები გემოვნების საკითხზე მსჯელობენ, აქედან გამომდინარე, ტენდერზე ინტელექტუალურ პროდუქტს, რაც გემოვნებას და ესთეტიკას ეხება, ვერ დავაყენებთ, ამიტომ ცალსახად ასე უნდა დარჩეს. თუ შესყიდვების სააგენტოს აქვს პრობლემა სიტყვებთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია. ჩვენ თუ არ მოგვწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, რომ ყოველ წელიწადს იზრდება, ეს შეგვიძლია დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. კომერციული რეკლამის განთავსების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ აყენებენ ამას ვერ ვხვდები. ზოგიერთ ტელევიზიაში მაგალითად, შეიძლება არავინ მოისურვოს რეკლამის განთავსება, რადგან შეიძლება მაყურებელი არ ჰყავდეს. ვისაც მაყურებელი ყავს, იქ რა თქმა უნდა, ეცდება თავისი კომერციული რეკლამა განათავსოს. აქედან გამომდინარე, კომერციულ ტელევიზიებს შორის და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის კონკურენცია არ არის. რეკლამის განთავსება არ ხდება ყველგან, რეკლამის განთავსება ხდება იქ, სადაც ყურადობა ბევრად უფრო მაღალია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება მოსახლეობის ძალიან მარალი ჩართვა, ყველა დაინტერესებული იქნება, რომ იქ კომერციული რეკლამა განათავსონ.
“ჩვენ თუ არ გვინდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი დაფინანსება ჰქონდეს, მაშინ დაფინანსების წესი შევუცვალოთ და რეკლამას რატომ ვეხებით, არ ვიცი. რაც შეეხება სტარტაპებს, თუ ეს სტარტაპები ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკო სისტემის განვითარებას, მაშინ რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომელიმე სტარტაპის დაფინანსება იქეთკენ იყოს მიმართული, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თვითონ შეუქმნას თავის თავს კონკურენტი. ის სტარტაპი, რომელიც დაფინანსებული იქნება, იქნება შემავსებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სულისკვეთებისა, რომელიც მას აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.
ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.
საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.