ბექა ნაცვლიშვილი - გიორგი გახარიას თავიდანვე რომ გადაედგა ნაბიჯი და გადამდგარიყო, ეს იქნებოდა მისი ძალიან დიდი გამარჯვება
ბექა ნაცვლიშვილი - გიორგი გახარიას თავიდანვე რომ გადაედგა ნაბიჯი და გადამდგარიყო, ეს იქნებოდა მისი ძალიან დიდი გამარჯვება

უნდა გამოიძიონ, იყო თუ არა სახელმწიფოს გადატრიალებისა და კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს დაკავების მცდელობა, აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობების გამოკვეთა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ გამოძიება მხოლოდ პროკურატურის ფარგლებში ჩატარდება, შესაძლებელია, გამოძიების მიმართ უნდობლობა დადგეს.

„საბოლოო ჯამში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, უნდა გამოიძიონ, იყო თუ არა სახელმწიფოს გადატრიალებისა და კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს დაკავების მცდელობა, უნდა დადგეს იმ პირების, პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. თუ იყო გადაცდომები კონკრეტული პოლიციელების მიერ, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობების გამოკვეთა. საჭიროა გამოძიების ჩატარება ისეთი ადამიანების მონაწილეობით, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ნდობა აქვს. თუ გამოძიება ჩატარდება მხოლოდ პროკურატურის ფარგლებში, გამოძიების მიმართ შესაძლებელია, უნდობლობა დადგეს. ძალიან კარგია, რომ გამოძიებაში სახელმწიფო დამცველია ჩართული, რადგან ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, გამოძიება არ წარიმართება მიკერძოებულად“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რომ გადამდგარიყო და პასუხისმგებლობა აეღო, ეს მისი ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა.

„გიორგი გახარიას თავიდანვე რომ გადაედგა ეს ნაბიჯი და გადამდგარიყო, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს იქნებოდა გახარიას ძალიან დიდი გამარჯვება. მას შემდეგ თავისუფლად შეეძლო მომავალში, არჩევნებში როგორც პოლიტიკური ლიდერი, „ოცნების“ სათავეში ჩამდგარიყო, რატომ არ შეიკავა თავი და არ გააკეთა ეს, არ ვიცი. ეს იქნებოდა იმის ერთგვარი პრეცედენტი, რომ ვიღაც იღებს პასუხისმგებლობას, როდესაც ხდება ძალის გადამეტება ან არათანაბარი ძალის გამოყენება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატი პარლამენტში გიორგი გახარიასა და მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვს. მისი თქმით, მას კითხვები აქვს გიორგი გახარიასთან, კერძოდ, რატომ გამოიყენეს და რატომ არის აღჭურვილობაში რეზინის ტყვიები.

„ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდე საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს იმ პირებზე, რომლებიც ადამიანებს უბიძგებდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისკენ. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. მე ვითხოვ პარლამენტში გახარიასა და ბახტაძის მისვლა. განსაკუთრებით მაინტერესებს გახარია. მაქვს კითხვები სპეცოპერაციასთან, იმ ღამესთან დაკავშირებით, რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია ამ ფორმით. ყველაზე მძიმე იყო რეზინის ტყვიები, რატომ გამოიყენეს და საერთოდ რატომ გვაქვს აღჭურვილობაში რეზინის ტყვიები“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.