საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალი პოლიტიკური ძალა ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს.
„ერთადერთი გზა „ქართული ოცნების“ დამარცხებისა არის არა ისეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდებიან, არამედ ვინც მოსახლეობას სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით პოლიტიკას შესთავაზებს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იმ პოლიტიკისთვის იბრძოლებს, რომლის საფუძველზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, ის დეპუტატებიც იყვნენ, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს.
„სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი ყველაფერი. თუმცა, მიდის მოლაპარაკებები, შეიძლება მოხდეს გაერთიანება საღი და მართლაც გულანთებული ადამიანების, რომლებსაც ექნებათ ერთი ხედვა, პლატფორმა. მთავარია საზოგადოებას პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და სტაბილურობის გზა შევთავაზოთ. არსებულ ვითარებაში არჩევნები ვერ ჩატარდება. არ არის გამორიცხული, ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში მმართველი გუნდიდან ბოლო პერიოდში წასული რამდენიმე სუბიექტიც აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.