ბექა ნაცვლიშვილი - ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, საჯარო სამსახურში დასაქმებული ოჯახის წევრების სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ
პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ურეკავენ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
მისივე თქმით, პარტიის რამდენიმე მხარდამჭერის ოჯახის წევრი ფინანსურ პოლიციაშიც დაიბარეს. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება აზრს კარგავს, რადგან წინასაარჩევნოდ იგივე პრობლემები იკვეთება.
„სამწუხაროდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, ფრთხილად იყვნენ და მათ სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ. ჩვენი პარტიის რამდენიმე მხარდამჭერის ოჯახის წევრი, ვინც რამე ბიზნესსაქმიანობას ეწევა, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანებს ავალებენ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი სამკუთხედად, ოთხკუთხედით ან ქიუ ასოთი და გარკვევადი იყოს, ეს ხმები რომელი კოორდინატორის მოტანილია.
ეს არის კომიკური ვითარება. კანონის გამკაცრებას რა აზრი აქვს, რადგან ისევ ისეთი პრობლემებია. უფლებამოსული არ ვარ, ვინც ეს ყველაფერი შემომჩივლა, საჯაროდ ვთქვა, რადგან სამსახურიდან მართლაც გაუშვებენ და მისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გვეუბნებიან, კონკრეტული პირი დაასახელეთო, ჰაერიდან მოტანილ ამბავს ხომ არ ვყვებით? ამას რომ ვიტყუებოდე, ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ ჩავიწერ. ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.