ბექა ლილუაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მზად არის, ტურისტულ ინდუსტრიასთან სესხების გადავადებაზე იმუშაოს
ახალი კორონავირუსის ეფექტებიდან გამომდინარე, საჭიროებისა და მიმდინარე გადახდებში ტურისტული სექტორისთვის გარკვეული პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მზად არის, იმუშაოს ტურისტულ ინდუსტრიასთან, რათა სესხების გადავადება მოხდეს, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს იყოს რესტრუქტურიზაციის ან სხვა ფორმით.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენა განსაკუთრებით ვირუსის მიმართ ისეთ მოწყვლად სექტორებზე, როგორიც არის მაგალითად, ტურისტული ინდუსტრია.
„უპირველესად, აქცენტი გამახვილდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა მაქსიმალურად შერბილდეს ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, როგორც საბანკო სექტორის, ასევე სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ კონკრეტულად ტურისტულ ინდუსტრიაზე ამ პროცესს ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდა. ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში არეალის გაფართოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია თუ არ იქნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა პირდაპირი ეფექტები საფინანსო-საბანკო სექტორზე.
„ხაზი გაესვა იმასაც, რომ საბანკო სექტორი დღეს არის ბევრად ჯანსაღი და მზად, რომ შესაბამისი საგარეო შოკები ძალიან დაბალანსებულად მიიღოს და მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონდეს თავად სექტორზე. განსხვავებით მაგალითად, 2014-2015 წლების საგარეო კრიზისისა, დღეს საბანკო სექტორში არსებობს ბევრად მეტი ე.წ. ბუფერი, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს აღნიშნული ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად, რათა მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე.
„ეს ჯგუფი, რამდენიმე დღეში, საჯაროდ განაცხადებს კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა შეხვედრაზე, არის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა – ფულადი რესურსი, რათა მიმდინარე ხარჯები და პროექტები ამ სექტორში აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.