ბექა ლილუაშვილი - რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ დღის წესრიგს მაშინ, როდესაც პასუხისმგებლიანი ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული მოქალაქეების გამოწვევებზე
რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ ეს ესე არ ხდება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს.
პირველ რიგში, მივესალმები ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომელთა მიმართაც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა. ცხადია, მე ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების, ჩემი თანაგუნდელების გვერდით და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება. ჩვენ რამდენიმე თვეა, უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ როდესაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ ეს ესე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ იმაზე, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისათვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი, სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე და მივიღე ეს გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.