ბექა ლილუაშვილი - მტკიცებით არ შემიძლია თქმა, რომ საქართველო სანქციების დარღვევისთვის გამოიყენება, მაგრამ იზრდება რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვენებელი, ეს არის მძიმე მოცემულობა
მტკიცებით არ შემიძლია თქმა, რომ საქართველო სანქციების დარღვევისთვის გამოიყენება, მაგრამ რუსეთთან იზრდება ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვენებელი. ეს არის მძიმე მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილს კითხვა დაუსვეს „ფაქტ-მეტრის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა.
„დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვამბობდი, რომ საქართველო გამოიყენებოდა უცხოური მარკის ავტომობილების ექსპორტისთვის რუსეთში, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა სანქციების დარღვევას, როგორც მოცემულობას. ეს იყო ფაქტი და ფაქტად რჩებოდა, ვიდრე ამერიკიდან საქართველოში სანქციების ჯგუფი არ ჩამოვიდა და ხელისუფლებას არ მოუწია რეექსპორტის რეჟიმის შეზღუდვა ავტომობილებთან მიმართებით. ამ კონკრეტული მოცემულობის ფონზე „ფაქტჩეკი“ ამბობს, რომ საქართველო არ გამოიყენება. არ ვიცი, „ფაქტჩეკმა“ რა შეისწავლა, რა სასაქონლე კონიუნქტურას გადაავლო თვალი. მტკიცებით თქმა არ შემიძლია, რომ საქართველო გამოიყენება, მაგრამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთთან ძალიან მძიმედ იზრდება ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვენებელი. ეს არის მძიმე მოცემულობა. ამის უკან შეიძლება, ფორმალური სტატისტიკა არსებობდეს, სადაც არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს და საბაჟო რასაც აღწერს, ის ჩანს ფორმალურ სტატისტიკაში. რასაც არ აღწერს და უკანა კარით გაატარებს, ის არსად ჩანს. ამაზე ინფორმაცია ვერც „ფაქტჩეკს“ ექნება და ვერც სხვა ვინმეს. ამაზე წვდომა მხოლოდ შესაბამის სამსახურებს ექნებათ. არაფერს ვამბობ მტკიცებით ფორმაში, თუმცა ჩემთვის არათუ სანქციების რეჟიმის დარღვევა, არამედ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაორმაგება კრიტიკული სიმძიმის მახასიათებელია, რასაც რუსეთი აუცილებლად საქართველოს დასაზიანებლად გამოიყენებს და გამოუყენებია კიდეც“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.