ბექა ლილუაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ მოხდა ალყის შემორტყმა ცარიელი შენობისთვის და პროვოკაციებისთვის სივრცე გაიზარდა, შეცდომაა ყველაფერი, რაც პროვოკაციების სივრცეს ზრდის
შეცდომაა ყველაფერი, რაც პროვოკაციების სივრცეს ზრდის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ პროვოკაციებისთვის სივრცე გაიზარდა.
„ხელისუფლებისთვის არავის უნდა მიეცა პროვოკაციის მოწყობის საშუალება. სტუდენტების გვერდით ვიდექი, პროცესებს ვხედავდი. იქ, ხალხში არანაირი ძალადობის მოწოდება არ ყოფილა. თუ მოწოდებები იყო, რაზეც პროვოკაციები მოსალოდნელი იყო, ბუნებრივია, ასეთ მოწოდებებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. გიორგი ვაშაძეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ამ განცხადების შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა – ალყის შემორტყმა ცარიელი შენობისთვის და პროვოკაციებისთვის სივრცე გაიზარდა. ზოგადად, შეცდომაა ყველაფერი, რაც პროვოკაციების სივრცეს ზრდის. ფაქტია, ამ შემთხვევაში იყო ასეთი მოცემულობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.