ბექა ლილუაშვილი - დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები, საზოგადოების ნება განსაზღვრავს, ქვეყანაში იქნება კოალიციური მმართველობა, ერთმმართველობა თუ მრავალპარტიული
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, როგორი ტიპის მმართველობა იქნება ქვეყანაში.
ბექა ლილუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ევრაქტივთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.
„ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ჩვენი საზოგადოების ნებას. ეს იქნება განმსაზღვრელი, ქვეყანაში იქნება კოალიციური მმართველობა, ერთმმართველობა, მრავალპარტიული მმართველობა თუ რა იქნება. იმ დათქმით და წინაპირობით, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებს 2024 წლის არჩევნებზე. მანამდე მგონია, რომ ეს განცხადებები თეორიული საუბრებია. რა თქმა უნდა, არსებობს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ იყოს მრავალპარტიული მმართველობა, თუმცა ისეთ გარემოში, როგორიც ავტოკრატიას ახასიათებს, ძალიან რთულია, საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამიტომ ეს ჯერ არავინ ვიცით და ამაზე საუბარი წმინდა წყლის თეორიაა“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.