ბექა ლილუაშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ვინც გაერთიანებაზე ლაპარაკობს, მისი ამოცანა ხელისუფლების დამარცხება კი არ არის, არამედ მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა
ბექა ლილუაშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ვინც გაერთიანებაზე ლაპარაკობს, მისი ამოცანა ხელისუფლების დამარცხება კი არ არის, არამედ მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ვინც გაერთიანებაზე ლაპარაკობს, მისი ამოცანა ხელისუფლების დამარცხება კი არ არის, არამედ ამოცანაა, მომავალ პარლამენტში ადგილი გაინაღდოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლილუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.

ლილუაშვილის თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ ორი პარტიის წარდგენა ხდება ერთი სიით და გარდაიქმნება ერთ სახელად, მაგალითად, „სტრატეგიული ნაცმოძრაობა“.

„ვისაც იმის ამბიცია არ აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს და ამით უფრო მეტად გაძლიერდეს, რათა „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ხმა წაართვას, მას შეუძლია, გაერთიანდეს. ვინც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გაერთიანებაზე ლაპარაკობს, მისი ამოცანა ხელისუფლების დამარცხება კი არ არის, არამედ მომავალ პარლამენტში თავისი ადგილი რომ გაინაღდოს. დღეს არ ფიქრობდე საკუთარი პარტიის, მხარდამჭერების გაძლიერებაზე, ამით კი საერთო ოპოზიციური ხმების გაზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ ფიქრობდე საკუთარ თავსა და პარლამენტში ყოფნაზე.

მომავალ არჩევნებში საარჩევნო ბლოკები აღარ იარსებებს. პირობითად, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდებიან, ბუნებრივია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკრეტული სუბიექტები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ამიტომ სხვა ალტერნატივები და ტექნიკური საკითხი არ არსებობს. ეს გულისხმობს ორი პარტიის გაერთიანებას და ერთიანი სიის წარდგენას არჩევნებზე. არ მესმის, რა ტექნიკურ საკითხზეა საუბარი? გაერთიანება ნიშნავს, რომ ერთი სიით ხდება ორი პარტიის წარდგენა და აღარ არსებობს ორივე პარტიის სახელი და ერთ სახელად გარდაიქმნება. მაგალითად „სტრატეგიული ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.