ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე დღეს აუდიო-ვიდეომასალის შესწავლა გაგრძელდება
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღეს კვლავ აუდიო-ვიდეომასალების შესწავლა გაგრძელდება.
წინა პროცესებზე უკვე შეისწავლეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ვიდეოკადრები და სამხრე კამერების აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ავტოავარიამდე და ავარიის შემდეგ ვითარებას ასახავდა.
მასალების შესწავლის დასრულების შემდეგ, კვლავ მოწმეთა დაკითხვა განახლდება.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ვიდეომასალები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას ადასტურებს.
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს – ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილსა და ზურაბ რუსიშვილს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 2017 წლის 17 მაისს, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.