ბექა ფერაძე - პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის მიერ საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია
ბექა ფერაძე - პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის მიერ საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია

პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის მიერ სახელმწიფოსთან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ეკონომიკური საქმიანობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენება მოხდება.

„ჩემი გადმოსახედიდან, პანდემიის დროს ცოტა უხერხულია სახელმწიფოსთან ასეთი ტონით საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ საპროტესტო აქციებზე. ბუნებრივია, ყველას შეუძლია პროტესტის გამოხატვა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუკი თვითნებურად განახლდება ეკონომიკური აქტივობა, როგორც უკვე არაერთგზის ვახსენე, მოხდება შესაბამისი სანციის გამოყენება. ბოლო პერიოდში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  ეკონომიკის გახსნისკენ არის მიმართული. ეს პროცესი ნამდვილად დაწყებულია. თუ ვინმე მხარდამჭერია ამ პროცესის, ცხადია, ეს არის სახელმწიფო, ვინაიდან მის ინტერესში შედის როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე ბიზნესის  ხელშეწყობა.

როგორც უკვე დაანონსდა შესაბამისი პირების მიერ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ყოველკვირეულად მოხდება გადახედვა და თუ რამის შესაძლებლობა იქნება, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ვერ იქნება პროტესტის ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იქნება აბსოლუტურად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაფუძნებული. გვესმის ყველა პრობლემა, ვაანალიზებთ, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამ ბალანსის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რესტორნებმა 6 თებერვლას თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილება შეცვალეს, თუმცა როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში, დაუმორჩილებლობის აქტი რამდენიმე კვირით გადაიწევს.