ბექა ფერაძე - კორონავირუსზე ტესტირება სარესტორნო ბიზნესისთვისაც სავალდებულო იქნება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, პროტოკოლით უკვე გათვალისწინებულია მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც კვების ობიექტებს მოუწევთ.
ფერაძის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულდება.
„როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად დაიწყო ეკონომიკის გახსნის პროცესი. კვების ობიექტების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე იხსნება გარე სივრცეები, სადაც ეპიდემიოლოგიურად, სუფთა ჰაერზე შედარებით ნაკლებია რისკები. პროტოკოლით უკვე გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც ამ ობიექტებს მოუწევთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც შეიმუშავა მსგავსი ტიპის რეკომენდაციები – ეს არის დისტანციის დაცვა, ჰოგიენური მოთხოვნები, მოთხოვნები უშუალოდ მაგიდის მიმართ, იქნება ეს გადასაფარებელი, მენიუ თუ ა.შ. ბიზნესის აქტიური ჩართულობით, დეტალები არის ძალიან ზუსტად გაწერილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროტოკოლის დაცვით და იმ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა, მოხდება რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ერთადერთი, რასაც დავაზუსტებთ, არის მომხმარებელთა რაოდენობა, რამდენი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში, სხვა ყველაფერი იგივე დარჩება“, – განაცხადა ფერაძემ.
ბექა ფერაძის თქმით, ახლო მომავალში კვლავ შეხვდებიან სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს.
„კიდევ ერთხელ დეტალურად გავივლით იმ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც მათ მოუწევთ უკვე 15 თებერვლიდან. სამწუხაროდ, როგორც იცით, პროცენტულად ყველაზე მაღალია დაჯარიმებული ობიექტების მაჩვენებელი სარესტორნო ბიზნესში, სპეციფიკის გათვალისწინებით იქ არის გარკვეული გამოწვევები, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ ახალი გამოწვევების ფონზე, სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული, გაიაზრებენ და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში აქტიურად იქნებიან მხარდამჭერები და დამცველები იმ რეკომენდაციისა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დადგენილი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
რაც შეეხება შაბათ-კვირას გახსნებს, ფერაძის განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება სტაბილური, დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტი და ქვემოთ, საბჭო ეტაპობრივად იმსჯელებს შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„მე ვერ გეტყვით, ეს დღეს იქნება, თუ ხვალ. სამწუხაროდ, პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში არ არსებობს იმის ცოდნა, ვივარაუდოთ, ხვალ იქნება სტაბილურობა, თუ ზეგ. დინამიკა ნამდვილად დადებითი გვაქვს და ეს ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამასთან, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ტესტირება რესტორნების თანამშრომლებისთვისაც სავალდებულო იქნება.
„რაც შეეხება ტესტირებას, ტესტირება, ბუნებრივია, სარესტორნო ბიზნესისთვისაც სავალდებულო იქნება. ეს იქნება რეგულაციების მიღმა, დამატებით. ტესტირებასთან დაკავშირებით ჩვენ მომდევნო კვირაში გვექნება შეხვედრა სარესტორნო სექტორთან და გავივლით ყველა დეტალს, რომელიც ამ პროცესში აუცილებელია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.