ბექა ფერაძე - ბათუმში, ღამის კლუბებში დარღვეული იყო სოციალური დისტანცია, რის გამოც შეუჩერდათ საქმიანობის უფლება
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, ბათუმში, ღამის კლუბებში დარღვეული იყო სოციალური დისტანცია, რის გამოც კლუბები 10 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმეს და ამასთან, საქმიანობის უფლება შეუჩერდათ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გართულების გამო, სულ ხუთი კლუბი შემოწმდა, რომელთაგან ოთხი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო ერთი მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოგვეყენებინა თითოეულის მიმართ სანქცია 10 000 ლარის ოდენობით, რადგან იქ დარღვეული იყო სოციალური დისტანცია და ამასთანავე, იყო რამდენიმე დარღვევა. სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც დღეს უკვე ჩაბარდა მხარეს. დღეიდან შეეზღუდათ ფუნქციონირების უფლება. განმეორება ამ დარღვევების იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოვუწოდებ კომპანიებს, მაქსიმალური სიზუსტით მოახდინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბები შემოწმდა.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს ობიექტებია: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26).