ბათუმში ოთხ ღამის კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და დარღვევების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბები შემოწმდა.
მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთი ობიექტი – შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი) აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს ობიექტებია: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26).
„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთან, დარღვევების დაფიქსირების გამო, თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.