ბექა ფერაძე - ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792-ს საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა
ბექა ფერაძე - ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792-ს საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792-ს საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, შემოწმება განხორციელდა სხვადასხვა უწყების აქტიური ჩართულობით 1 986 ობიექტზე, საიდანაც ფაქტობრივად 1 900 მათგანს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება წესების დაცვასთან დაკავშირებით, დაჯარიმდა სამი ობიექტი.

„ამავე პერიოდში განხორციელდა უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დროებით ამ ეტაპზე არის შეჩერებული. 3 036 ობიექტი გადამოწმდა, რომლებთანაც დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ჯამში სულ შემოწმდა საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით ცვლილებაში შეტანის შემდეგ, რაც ამოქმედდა შეზღუდვები, 24 518 ობიექტი. ჯამში დაჯარიმებულია 10 ობიექტი და საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს. გარდა ამისა, მინდა ვისაუბრო იმ გარემოებაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასმედიის საშუალებით აქტიურად არის გაშუქებული და ეს ეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც სხვადასხვა სასურსათო თუ სუპერმარკეტში გვხდება. იცით, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენისა და აგროქიმიკატების რეალიზება. სხვა მიმართულებით არის გარკვეული შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს მობილობის მაჩვენებელი და დროის გარკვეულ პერიოდში გვქონდეს ინფიცირების შენარჩუნება, ხოლო ამის შემდეგ – შემცირება. მიზანია, რომ სხვადასხვა ობიექტზე მობილობა იყოს შემცირებული. სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი, სხვადასხვა მსხვილი ტექნიკა, ავეჯი თუ მსგავსი პროდუქტი, არის შეზღუდული. ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელში, თითქოსდა, ეს საქართველოს მთავრობის ან საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის მასშტაბით – საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ასევე აშშ-ში მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელმაც დააწესა გარკვეული შეზღუდვა, ვრცელდება სხვადასხვა პროდუქტსა თუ ნივთზე. მიზანი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, არის მობილობის შემცირება დროის გარკვეულ პერიოდში, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და გადარჩენილი. მესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამიტომაა შეზღუდვა და არა აკრძალვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც მათ შორის ბრიტანეთმა დაამტკიცა სია, უშუალოდ პროდუქტებია ჩამოთვლილი, თუ რომელი მათგანის რეალიზებაა შესაძლებელი სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში. ამიტომ ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ფერაძემ.