ბექა ძამაშვილი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ არ დაფიქსირებულა პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა, შექმნილია ყველა პირობა ადეკვატური მომსახურებისთვის
ბექა ძამაშვილი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ არ დაფიქსირებულა პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა, შექმნილია ყველა პირობა ადეკვატური მომსახურებისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია 2023 წლის მარტში მათი ექსპერტების კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.

ძამაშვილის თქმით, ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.

„პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, იმ მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ვივამედში“, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რამდენადაც იუსტიციის სამინისტროსთვის პატიმრების უფლებების დაცვა და განსაკუთრებით, მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს ყველა შესაბამის ორგანოსთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა.