ბექა ძამაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, აკაკი ოჩიგავამ ციხეში ცემის შედეგად გადაადგილების უნარი დაკარგა, აიძულებდნენ ეთქვა, რომ დაზიანება წაქცევით მიიღო, უარის შემდეგ თითები ბეისბოლის ჯოხით დაუმტვრიეს
ბექა ძამაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, აკაკი ოჩიგავამ ციხეში ცემის შედეგად გადაადგილების უნარი დაკარგა, აიძულებდნენ ეთქვა, რომ დაზიანება წაქცევით მიიღო, უარის შემდეგ თითები ბეისბოლის ჯოხით დაუმტვრიეს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2012 წლამდე ადგილი ჰქონდა აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების ფაქტს პენიტენციურ სისტემაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ნაწილი იმ პრაქტიკისა, რაც 2012 წლამდე მთლიანად პენიტენციური სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის აღწერილი არაერთი ფაქტი, მეთოდი, როგორ ხდებოდა პატიმრების წამება.  პატიმარი როდესაც შედიოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევდა სავალდებულო წესით ე.წ ცემის დერეფნის გავლა და ყველა ხდებოდა ცემის ობიექტი. შემდეგაც, პატიმრების ცემა ყოველკვირეულად სისტემურ ხასიათს იძენდა. ასევე, საუბარია მთელი რიგი ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე, როგორიც იყო საკვების, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა, საპირფარეშოს გამოყენების აკრძალვაც კი. გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ პატიმრებს ხშირად საუბარიც კი ეკრძალებოდათ და ისინი ერთმანეთს მხოლოდ ჩურჩულით ესაუბრებოდნენ. ეს ყველაფერი მომჩივანმა თავის თავზე გამოცადა, ამ სისტემური ცემის შედეგად, სიარულის უნარიც დაკარგა. ასევე, გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ გადაადგილების უნარის დაკარგვის შემდეგ ოჩიგავას აიძულებდნენ, ეთქვა, თითქოს დაზიანება მიიღო წაქცევის შედეგად, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ის დაექვემდებარა დამატებით ცემას, ბეისბოლის ჯოხით თითები დაუმტვრიეს. ეს არის პირდაპირ მოხსენიებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მომჩივანი იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევასაც, როდესაც ცემის შედეგად გონება დაკარგა. გონზე როდესაც მოვიდა, მილზე მიბმული იყო ე.წ ციხის მორგში, გარდაცვლილებთან ერთად. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ევროპულმა სასამართლომ შეაფასა, როგორც წამება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს არ იყო იზოლირებული შემთხვევა, არამედ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.