ბექა ძამაშვილი - გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება, უნდა თუ არა ეს რუსეთის ფედერაციას
ბექა ძამაშვილი - გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება, უნდა თუ არა ეს რუსეთის ფედერაციას

გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება, უნდა თუ არა ეს რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟენევის მორიგი დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას ჰქონდა მცდელობა, რომ თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, ეთქვა, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათი პასუხისმგებლობა არ არის, თითქოს ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

„როდესაც ჟენევის ფარგლებში ვაყენებთ ყველა განგრძობადი დარღვევის საკითხს, უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მითითებას ვაკეთებთ სწორედ ევროპული სასამართლოს ავტორიტეტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება. რუსეთის ფედერაციას ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათი პასუხისმგებლობა არ არის, თითქოსი ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. თუმცა, ვინაიდან გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მყარი არგუმენტი, რათა მათ ეს ნარატივი ვეღარ განავითარონ. როდესაც ქართულმა მხარემ პირდაპირ მიუთითა ამ გადაწყვეტილებაზე, რუსეთს აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, ეთქვა, რომ ისინი უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არ აღიარებენ. დღეს ძალიან მკვეთრი დემონსტრაციაა იმისა, როგორ უყურებენ ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს, თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება, უნდა თუ არა ეს რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ძამაშვილმა.