ბექა ძამაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებებზე აქცენტი გავაკეთეთ გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლების შეზღუდვის, ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებზე, მკაცრად მოვითხოვეთ ირაკლი ბებუას გათავისუფლება
ბექა ძამაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებებზე აქცენტი გავაკეთეთ გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლების შეზღუდვის, ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებზე, მკაცრად მოვითხოვეთ ირაკლი ბებუას გათავისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დასვა ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს განვიხილავთ პარალელურად ყველა საერთაშორისო ფორმატისა, რაც საქართველოს აქვს, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ეს საკითხები გადაიჭრას ჟენევაში, ხოლო თუკი აქ ვერ მოხერხდება ამ საკითხების გადაჭრა, შემდეგ აუცილებლად გამოვიყენებთ საერთაშორისო სასამრთლოების მექანიზმებს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილია, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი აქვს საჩივარი განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე და ყველა ინციდენტი ავტომატურად მოხვდება სტრასბურგის სასამართლოში.

„ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები აქ ვერ გადაიჭრება. ასე იყო ტატუნაშვილის შემთხვევაში. ქართული მხარე მუდმივად აყენებდა ამ საკითხს მოლაპარაკებათა დღის წესრიგში, თუმცა ვინაიდან ამ ფორმატში ეს საკითხი ვერ გადაიჭრა, მსჯელობა ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება. რაც შეეხება ზოგად დღის წესრიგს, ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ ჰუმანიტარულ პრობლემებს. დღეს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლების შეზღუდვის, ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებზე და ცალკე მკვეთრად იყო გამოკვეთილი ირაკლი ბებუას საქმე, რომელიც უკვე დიდი ხანია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ამიტომ მკაცრად მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.