ბექა ძამაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებებში ძალიან გვეხმარება საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში ვინმე თუ რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთი
ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირების ფორმატი არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები, რათა საკითხები გადაიჭრას სწრაფად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟენევაში განაცხადა, სადაც მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი იმართება.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს ეხმარება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში ვინმე თუ რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთის ფედერაცია.
„საქართველოს მთავრობის მიდგომა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, ყოველთვის იყო ის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა.
ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირების ფორმატი არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები, რათა საკითხები გადაიჭრას სწრაფად. საკითხების ამ ფორმატში გადაჭრა თუ ვერ ხდება, ჩვენ შემდეგ ინტერესებს ვიცავთ საერთაშორისო სასამართლოებში და, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა უკვე გვაქვს როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და თუ ვინმე რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ორივე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან გვეხმარება. უკვე სამართლებრივად დადგენილია, რომ ყველა დარღვევა მიეწერება რუსეთის ფედერაციას და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცალკეულ დარღვევებსა და ინციდენტებზე კი აღარ გვიწევს საუბარი, არამედ უკვე ავტომატურად ვაყენებთ იმას, რომ ესაა სისტემური პრობლემა, რუსეთის პოლიტიკის პრობლემა და საკითხები უნდა გადაიჭრას სისტემურად, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები აღსრულდეს. საერთაშორისო სამართალი არის საქართველოს მხარეს“, – განაცხადა ძამაშვილმა.