ბექა დოჭვირი - ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი
ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბექა დოჭვირმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია როგორც ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და დაამტკიცა ორთვიანი სამოქმედო გეგმა. დღესვე, გვიან ღამით უკვე ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის დადგენილებაც, რომელშიც ასახული იქნება ეს შეზღუდვები და ცვლილებები, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, რომ გაეცნოს აღნიშნულ შეზღუდვებს. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო ეპიდემიოლოგების მოსაზრებები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, თუ რა სახის შეზღუდვები შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული და როგორ უნდა გვემოქმედა ამ ორი თვის განმავლობაში,“- განაცხადა ბექა დოჭვირმა.