ბექა დავითულიანი - ერეკლე კუხიანიძეს მანდატის დატოვებას ვერ ვაიძულებთ, ეს გადაწყვეტილება თავად თუ არ მიიღო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ მისი პირადი განცხადება შეიძლება იყოს.
შესაბამისად, დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძეს ვერ აიძულებენ, საკრებულოდან წავიდეს. დავითულიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს.
„უნდა განვასხვავოთ ორი საკითხი. საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, რადგან ამისი სხვა იურიდიული მოტივი არ არსებობს. შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ვაიძულებთ, თუ მან არ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.
შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ.
უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.
„უმრავლესობის თითოეულმა წევრმა სრულიად ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა, რომ ისინი ემიჯნებიან ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. არ ეთანხმებიან არც მის ფორმას და არც მის შინაარსს. მიიჩნევენ სწორად ერეკლე კუხიანიძის უმრავლესობიდან გარიცხვას. ამაზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა ფრაქციის სხდომის ამ ოქმს. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები. პირველივე დღეს ყველა გაემიჯნა ამ ფაქტს. პროცედურის თანახმად, უმრავლესობის სხდომა უნდა იქნას მოწვეული დადგენილ ვადებში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.