ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას, ხალხს წირავს იმის გამო, რომ მიტინგებზე მათი მხარდამჭერი გამოვიდეს
მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას თავისი უგუნური ბოროტებით. ჯერ ზუგდიდში შეკრიბა ხალხი და ხელი შეუწყო კორონავირუსის გავრცელებას, შემდეგ შეკრიბა ბათუმში. ახლა იმის გამო, რომ მიტინგებზე მათი მხარდამჭერი გამოვიდეს, ამ ხალხს წირავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით დავითულიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას : „როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ თავად გადაიტანა კორონავირუსი საკმაოდ იოლ ფორმებში, არ არის საშიში და ამომრჩევლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარკვეული ჯგუფი ყოველთვის ებრძოდა საზოგადოებასა და ექიმებს.
„ეს კაცი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას თავისი უგუნური ბოროტებით. ჯერ ზუგდიდში შეკრიბა ხალხი და ხელი შეუწყო კორონავირუსის გავრცელებას, შემდეგ შეკრიბა ბათუმში. ახლა იმის გამო, რომ მიტინგებზე მათი მხარდამჭერი გამოვიდეს, ამ ხალხს წირავს. მთელი მსოფლიო ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არის პრობლემა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოჩნდა, მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა, ხელისუფლება, საზოგადოება ვებრძოდით ამას, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და მისი რაღაც გარკვეული ჯგუფი ყოველთვის იდგა კორონავირუსის მხარეს და ებრძოდა საზოგადოებას, ექიმებს. დღესაც იმავეს აგრძელებს.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უარესებიც თქვა, გააგრძელა ის ნარატივი, რასაც დიდი ხანია ამბობს – დასავლეთი კოლონიალისტური აზროვნებით გვიდგებაო, თუ გახსოვთ, ეს ადრე, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თქვა. გუშინ გააგრძელა და აღნიშნა, რომ დასავლეთს საქართველო ფეხებზე ჰკიდია. ამ ნარატივით გამოდის, ვითომ პროდასავლური ძალების ლიდერი და მთელი დასავლური საზოგადოების მიერ აღიარებულ არჩევნებზე ამბობს, რომ არ მაწყობს და არ გისმენთ. როცა აწყობს უსმენს, როცა-არა, არ უსმენს, როცა უნდა „კოვიდი“ პრობლემაა, როცა უნდა- არ არის. ჩამოყალიბდეს, მგონი არასერიოზულია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა. მისივე თქმით, საზოგადოებას კორონავირუსის არ უნდა შეეშინდეს, ქვეყნის დაკარგვაა მომაკვდინებელი, რის გამოც ერთადერთი გზა, კონსოლიდაცია და მასობრივი მობილიზაციაა.
ამავე ტელეკომპანიის ეთერში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო არ აღელვებს, თუ თავად ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა.