ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს „ტყუილების სახლი“ უწოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს „ტყუილების სახლი“ უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს „ტყუილების სახლი“ უწოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ასე გამოეხმაურა გაერო-ში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას, რომელზეც იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი.

მისივე თქმით, იერუსალიმი არის ისრაელის დედაქალაქი მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა ამას გაერო.

„ისრაელის სახელმწიფო უარყოფს ამ კენჭისყრას, სანამ ამ რეზოლუციას დაამტკიცებენ. იერუსალიმი არის ჩვენი დედაქალაქი და ჩვენ გავაგრძელებთ უცხოური საელჩოების მშენებლობას, ეს დაიწყება აშშ-ის საელჩოთი, რომლის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადავა იერუსალიმში“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ ასევე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო და გაერო-ში აშშ-ის ელჩ ნიკი ჰეილის, რომელმაც ისრაელს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, „სიმართლე გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში აღიარა, რასაც მსოფლიოში მწვავე რეაქციები მოჰყვა. დღეს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც კენჭს უყრიან ეგვიპტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსის გადახედვა დაუშვებელია.