ბენიამინ ნეთანიაჰუ - უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო, ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაუშვებელია
ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო, დაუშვებელია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, სატელევიზო მიმართვისას განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და კოალიციის შესანარჩუნებლად, ყველაფერს აკეთებს.
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ახლა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც არ შეიძლება ხელისუფლების ჩამოშლა და არჩევნების ჩატარება. ეს უპასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, უწყების პორტფელს თავად ჩაიბარებს და ქვეყნის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მშვიდობას უზრუნველყოფს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა თანამდებობა ისრაელსა და „ჰამასს” შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დადებული ზავის გამო დატოვა.