ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ირანის რეჟიმი ისრაელის ქალაქებზე თავდასხმას შეეცდება, ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა უკანასკნელად მოუწევს
თუ ირანის რეჟიმი ისრაელის ქალაქებზე თავდასხმას შეეცდება, ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა უკანასკნელად მოუწევს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ირანი საპასუხოდ თელ-ავივის და ხაიფას განადგურებას ვერ შეძლებს.
„მე არ უარვყოფ ირანის რეჟიმიდან მომდინარე საფრთხეების არსებობას, თუმცა ამის არ მეშინია. თუ ირანის რეჟიმი საშინელ შეცდომას დაუშვებს და თელ-ავივის და ხაიფას განადგურებას შეეცდება, მათ არაფერი გამოუვათ. ეს იქნება ისლამური რევოლუციის წლისთავის უკანასკნელად აღნიშვნა და ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
11 თებერვალს, ირანში ისლამური რევოლუციის 40 წლისთავი აღნიშნეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს, რადგან ეს ხაიფას და თელ-ავივის განადგურებას გამოიწვევს.