ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს. ინფორომაციას ამის შესახებ The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის პორტფელს პარტია „ახალი იმედის“ ლიდერს, ისრაელის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გიდეონ საარს შესთავაზებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და გიდეონ საარი ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ახალი ხელმძღვანელის ერთობლივად არჩევაზე შეთანხმდნენ. ეს პუნქტი შეთანხმების ნაწილია. შეთანხმების თანახმად, გიდეონ საარს სასამართლო რეფორმაზე ვეტოს უფლება ექნება.
ისრაელის იუსტიციის ყოფილი მინისტრი წინააღმდეგი იყო სასამართლო რეფორმის, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის ისრაელის დემოკრატიას. რეფორმა, დიდწილად, მასობრივი პროტესტის გამო, ომის დაწყების ფონზე შეჩერდა. ისრაელის მედიის ცნობით, გიდეონ საარს, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც შესთავაზონ და ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას საგარეო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ისრაელ კაცი დაიკავებს.